logo
ENG



ბაიდენი ჰამასის თავდასხმას ისრაელზე "აშკარა ბოროტების აქტს" უწოდებს

10 ოქტ 202322:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/216u3b5yl4a7ehl.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და მას "აშკარა ბოროტების აქტი" უწოდა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ბაიდენმა ბრიფინგზე თქვა, რომ ისრაელში მცხოვრები ხალხი განიცდის "ნამდვილ ბოროტებას ჰამასის ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან, ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანი ებრაელთა მოკვლაა". მისი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს თავდასხმას პასუხი გასცეს.

ბაიდენის თქმით, "ჰამასი" არ დგას პალესტინელ ხალხთან. "ჰამასი პალესტინელებს ცოცხალ ფარად იყენებს", - თქვა ბაიდენმა.

ამავე ბრიფინგზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმებს ისრაელის 1 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის კი, სულ მცირე, 14 აშშ-ის მოქალაქეა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი აღჭურვილობის მობილიზებასაც მოახდენს. მისივე თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრალისადმი საბრძოლო მასალით დახმარებასაც გულისხმობს.

ბრიფინგამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

***

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 


close დახურვა